რუსთავი 2-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ფინანსური ზიანის" ანაზღაურების მოთხოვნით სამოქალაქო სარჩელს შეიტანს.
ის ითხოვს, "დამნაშავეებმა სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი".
"დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ კომპანია ინტერმედიასთან გარიგების დადების გზით, რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით, რუსთავი 2-ს განზრახ 6,7 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა.
აღნიშნული ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს რუსთავი 2-ს, რომელიც ქართული და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებით, 2019 წელს კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. რუსთავი 2-ისთვის ზიანის მიყენების მოტივი გახლდათ ის გარემოება, რომ ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელებისა და გენერალური დირექტორის საფუძვლიანი ვარაუდით, რუსთავი 2 კანონიერ მფლობელს უსათუოდ დამიბრუნდებოდა.
მათ თავად იცოდნენ, რომ ტელეკომპანიის შენარჩუნების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, რაც საბოლოოდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენება გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. ეს ნიშნავს, რომ ნიკა გვარამიამ ბოროტად ისარგებლა სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეფარდებული დროებითი ზომით, მისი გამოყენებით ტელეკომპანიას დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართ უდიერი დამოკიდებულების მკაფიო გამოვლინებაა.
მოვუწოდებ დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი. ამ მიზნით, სისხლის სამართლის განაჩენის საფუძველზე, დაუყოვნებლივ წარვადგენ სამოქალაქო სარჩელს სასამართლოში", - ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.
ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, კახა დამენიას კი მუხლი გადაუკვალიფიცირდა და 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.